♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 62)
1:42 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 62)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

„თქვენ ძალიან საინტერესო ქალი ხართ", — წარმოთქვა მან ფრაზა, რომელიც ჰაიდის უკვე დიდი ხანი იყო, აღარ გაეგონა.
ჰაიდიმ არ იცოდა, რა უნდა ეპასუხა ამაზე და მწერალი, როგორც კი შეამჩნია, რომ ქალი დაიბნა, ალაპარაკდა უდაბნოებზე, მთებზე, მიყრუებულ ქალაქებზე, ჩადრჩამოფარებულ ან წელამდე გაშიშვლებულ ქალებზე, ომებზე, მეკობრეებზე, ბრძენკაცებზე.
მატარებელი მოვიდა. ისინი ერთად დასხდნენ და ჰაიდი უკვე აღარ იყო გათხოვილი ქალბატონი, სამი შვილის დედა, ტბის ნაპირას შალეს მფლობელი, არამედ თავგადასავლების მაძიებელი, რომელიც ცხოვრებაში პირველად მიემგზავრებოდა ჟენევაში. ის უყურებდა, როგორ მიცურავდნენ ვაგონის ფანჯარაში მთები, მდინარე და მოსწონდა სიახლოვე მამაკაცთან, რომელსაც მისი შეცდენა სურდა (იმიტომ რომ ყველა მამაკაცი მხოლოდ ამაზე ფიქრობს) და ამიტომაც, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ცდილობდა, მასზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ჰაიდი ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენ სხვა მამაკაცშიც ამოუცვნია ეს სურვილი და არავისთვის არასოდეს მცირედი შანსიც კი არ მიუცია, მაგრამ დღეს სამყარო გადასხვაფერდა, ის კი იქცა ოცდათვრამეტი წლის მოზარდად, გულის ფანცქალით რომ ადევნებს თვალს, როგორ ცდილობენ მის მოხიბლვას. ამაზე უფრო მშვენიერი რამ არასოდეს განუცდია.
მისი ცხოვრების შემოდგომის ხანს (რაღაც მეტისმეტად ადრე დაუდგა ეს დრო), როცა ეჩვენებოდა, რომ რაც ჩაიფიქრა, ყველაფერი აუსრულდა, გამოჩნდა ეს ადამიანი და ისე დაუახლოვდა, რომ ნებართვა არც კი უკითხავს. ჟენევის ვაგზლის ბაქანზე ჩამოსვლის შემდეგ მან აჩვენა უცნობს ოტელი (ყველაზე მოკრძალებული, როგორსაც ის დაბეჯითებით ითხოვდა, რადგანაც იმავე დღეს სამშობლოში უნდა გაფრენილიყო და ერთი საათითაც არ სურდა გაჩერება ამ საშინლად ძვირ შვეიცარიაში), მან კი სთხოვა, ნომერში მასთან ერთად ასულიყო, რათა ენახათ, იქ ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. ჰაიდი დათანხმდა, თუმცა ხვდებოდა, რაც ელოდა. კარის მიხურვისთანავე გაშმაგებული ვნებით დაუწყეს ერთმანეთს კოცნა. კაცმა კაბა ჩამოაგლიჯა და — ღმერთო დიდებულო! — აღმოჩნდა, რომ ამ მწერალმა იცის საიდუმლო ბილიკები, რომელთაც ქალი ნეტარებისკენ მიჰყავთ. ეტყობოდა, რომ ქალის ყველა განცდა და მიზეზი იმისა, რასაც ჭკვიანური სიტყვა „ფრუსტრაცია" ჰქვია, მისთვის გადაშლილი წიგნი იყო.
ისინი მთელ დღეს სიყვარულს ეძლეოდნენ. მხოლოდ შებინდებისას გაიფანტა ხიბლი და ჰაიდიმ წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც, მისი ნება რომ ყოფილიყო, არასოდეს იტყოდა:
„სახლში უნდა წავიდე, ქმარი მელოდება".
კაცმა სიგარეტი გააბოლა. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ და არც ერთს არ უთქვამს „მშვიდობით". ჰაიდი ადგა და ნომრიდან უკანმოუხედავად გამოვიდა. მან იცოდა, რაც არ უნდა თქმულიყო, აზრი არ ექნებოდა.
მას მერე ეს ადამიანი აღარასოდეს უნახავს, მაგრამ თავისი ცხოვრების ნაადრევი შემოდგომისას რამდენიმე საათით შეწყვიტა არსებობა, როგორც პატიოსანმა მეუღლემ, დიასახლისმა, მოსიყვარულე დედამ, სანიმუშო მოსამსახურემ, ცხოვრების ერთგულმა თანამგზავრმა და, უბრალოდ, ქალად გადაიქცა.
ამის მერე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ქმარი გაოცებული იყო იმით, რომ ჰაიდი თავის თავს არ ჰგავდა: ხან უჩვეულოდ მხიარული იყო, ხან — უცნაურად ჩაფიქრებული. მას არ შეეძლო, ხეირიანად აეხსნა, რა აკვირვებდა. მაგრამ აი, გავიდა ერთი კვირა და ყველაფერი უწინდელ კალაპოტში ჩადგა.
„რა დასანანია, რომ ჩემი ამბავი ამ ბრაზილიელ გოგონას არ ვუამბე, — ფიქრობდა ახლა ჰაიდი, — თუმცა, სულ ერთია, ის ალბათ ვერაფერს გაიგებდა, იმიტომ რომ ის ჯერ ისევ იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არსებობს ერთგულება და სამუდამო სიყვარულის ფიცს დებენ".
ჩანაწერი მარიას დღიურში:

არ ვიცი, რა იფიქრა მან იმ საღამოს, როცა კარი გააღო და დამინახა ზღურბლზე ორი ჩემოდნით ხელში.
— არ შეშინდე, — უმალ დავამშვიდე მე, — შენთან საცხოვრებლად არ მოვსულვარ. მოდი, ვივახშმოთ.
მან უსიტყვოდ შემიპატიჟა, ჩემი ბარგი შეიტანა, მერე კი ისე, რომ არც უთქვამს „როგორ მიხარია შენი ნახვა" ან „სულ არ გელოდი", ან კიდევ რამე ამის მსგავსი, ჩამბღუჯა და კოცნა დამიწყო, ხელს ხან სად მკიდებდა და ხან სად, ხელისგულები ძუძუებზე შემომაჭდო, ტრუსებში ჩამიყო, თითქოს ამ მომენტს უსასრულოდ დიდხანს უცდიდა და ეშინოდა, რომ არასოდეს დადგებოდა.
სიტყვაც არ მათქმევინა და აი ასე, პირდაპირ აქ, ჰოლში, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და ცერემონიების გარეშე, ცივ ნიავში, რომელიც კარის ქვეშიდან უბერავდა, ჩვენ პირველად მივეცით თავი სიყვარულს. ერთი პირობა ვიფიქრე, ხომ არ შევაჩერო და უფრო მოხერხებულ ადგილას არ გადავიყვანო, ხომ არ ვუთხრა, რომ დრო საკმაოდ გვაქვს ჩვენი მგრძნობელობის უსაზღვრო სამყაროს შესასწავლად-მეთქი, მაგრამ არაფერი არ მოვიმოქმედე, რადგანაც მსურდა, რაც შეიძლება მალე დამუფლებოდა, რადგანაც ეს კაცი არასოდეს ყოფილა ჩემი და არც აღარასოდეს იქნება. ამიტომაც შემეძლო მყვარებოდა იგი მთელი ჩემი ენერგიით და თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით მიმეღო ის, რაც ადრე არასოდეს მქონია და, ალბათ, არც მომავალში მექნება.
დამაწვინა იატაკზე და მკვეთრად შევიდა ჩემს სხეულში, წინასწარი ფერების გარეშე, ისე, რომ მე სრულად მომზადებული არ ვიყავი მის მისაღებად. მაგრამ მსუბუქი ტკივილი, რომელსაც განვიცდიდი, მსიამოვნებდა. რალფს უნდა გაეგო, რომ მე მას ვეკუთვნი და რომ მან არ უნდა მკითხოს ნებართვა. მე იქ იმისათვის არ ვიყავი, რომ რაიმე მესწავლებინა ან მეჩვენებინა, რამდენად უფრო მგრძნობიარე ვარ სხვა ქალებთან შედარებით, არამედ მხოლოდ იმისათვის, რომ მეთქვა მისთვის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" მეჩვენებინა, რომ ის სასურველია ჩემთვის, რომ მეც დიდხანს ველოდი ამ წუთს, რომ მე მახარებს მისი მოწოლის სიშმაგე და ქცევის იმ წესების სრული უგულებელყოფა, რომლებიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, რომ ახლა ჩვენ გავხდით უბრალოდ მამრი და მდედრი, რომელთაც მხოლოდ ინსტინქტი წარმართავს. პოზიცია მეტად ბანალური იყო: მე ზურგზე ვიწექი ბარძაყგადაშლილი, რალფი ზემოდან იყო. მე ვუცქერდი მას და სულაც არ მსურდა სიამოვნების იმიტირება, რაღაც კვნესის მსგავსი ხმების გამოცემა. საერთოდ არაფერი არ მსურდა, ოღონდაც მისი ცქერით გავმძღარიყავი, კარგად დამემახსოვრებინა ყოველი წამი და დამენახა მისი სახე, შემეგრძნო, როგორ მეჭდობიან თმებში მისი თითები, როგორ მკოცნის თუ მკბენს მისი პირი. დიახ, არავითარი დახვეწილი ფერება, არავითარი წინასწარი თამაში: მან შეაღწია ჩემს სხეულში, მე — მის სულში.
ის ხან ანელებდა, ხან უმატებდა ტემპს, ზოგჯერ ჩერდებოდა და შემომხედავდა, მაგრამ არ მეკითხებოდა, მსიამოვნებდა თუ არა, იმიტომ, რომ იცოდა: ამ წუთას ჩვენს სულებს მხოლოდ ასე შეეძლოთ ურთიერთობა. მისი მოძრაობები სულ უფრო მკვეთრი ხდებოდა. მე ვიცოდი, რომ თერთმეტი წუთი ის-ის იყო გათავდებოდა, მაგრამ მინდოდა, რომ დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, იმიტომ რომ ესოდენ მშვენიერია — ღმერთო დიდებულო, რა მშვენიერია! — აჩუქო მას დაუფლება ისე, რომ სამაგიეროდ არაფერი მოითხოვო. ჩემი თვალები ფართოდ იყო გახელილი და როდესაც მათ ლიბრი ეკვროდა, ვგრძნობდი, რომ ჩვენ სხვა განზომილებაში მივექანებოდით, სადაც მე ვხდებოდი დიდი დედა, თვით სამყარო, საყვარელი ქალი, წმინდა მეძავი, რომელიც უძველეს საიდუმლოებას აღასრულებს, რომლის შესახებაც რალფმა ერთხელ მიამბო ბუხართან ჭიქა ღვინით ხელში მჯდომმა. როდესაც ხელები უფრო მაგრად მომიჭირა მხრებზე, მივხვდი, ორგაზმი ახლოვდებოდა. რალფი გაშმაგებით ამოძრავდა და აი, ის აყვირდა. კი არ აკვნესდა, ყრუდ, ტუჩების კვნეტით კი არ აბღავლდა, არამედ ყვიროდა, ბრდღვინავდა, ყმუოდა გარეული მხეცივით. სადღაც ცნობიერების პერიფერიაზე გამიელვა აზრმა, რომ მეზობლები გაიგონებდნენ, პოლიციას გამოუძახებდენ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონდა და მე განვიცადე უზარმაზარი სიამოვნება. ასეა დასაბამიდან — როდესაც პირველი მამაკაცი შეხვდა პირველ ქალს და პირველად მიეცა მასთან სიყვარულს, ისინიც ყვიროდნენ.
მისი სხეული მოეშვა, მთელი სიმძიმით დამაწვა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექით ასე ჩახვეულები, მე თავზე ვეფერებოდი, როგორც იმ დღეს, როცა თვალახვეულები ვეალერსებოდით ერთმანეთს ოტელის ნომერში. და ვგრძნოდი, რომ მისი გულის გაშმაგებული ცემა ნელდებოდა, თითები კი ოდნავი შეხებით სრიალებდნენ ჩემს ხელებზე და თითოეულ ბეწვს ჩემს სხეულზე ყალყზე აყენებდნენ.
ის, ალბათ, მიხვდა, რომ მამძიმებდა, გვერდზე გადაგორდა, მერე ზურგზე დაწვა ჩემ გვერდით და ჩვენ მივაშტერდით ჭერს, სადაც სამფეხიანი ჭაღი ენთო.
— საღამო მშვიდობისა, — წარმოვთქვი მე.
მან უფრო ახლოს მიმიზიდა, ისე, რომ ჩემი თავი მის მკერდზე აღმოჩნდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიპასუხა „საღამო მშვიდობისა".
— მეზობლებს, ალბათ, ყველაფერი ესმოდათ, — განვაგრძე მე, თან კარგად არ მესმოდა, რა იქნებოდა შემდეგ, იმიტომ რომ ახლა თქმას „მე შენ მიყვარხარ" არავითარი აზრი არ ჰქონდა: მან ეს ისედაც იცოდა, მე — მით უმეტეს.
— კარიდან უბერავს, — მიპასუხა მან, თუმცა შეეძლო ეთქვა: „რა მშვენიერია" , — სამზარეულოში წავიდეთ.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1448 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-05-02, 2:07 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024