♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 26)
3:20 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 26)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


— სექსი და საკარმიდამო მეურნეობის მართვა. არ ვიცი, რომელია უფრო მოსაწყენი.
რაო-რაო? მარია ანაზდად განაწყენდა. როგორ ბედავს, აუგად მოიხსენიოს ის, რითაც მარია ლუკმაპურს შოულობს?! თუმცა, მან ეს ხომ ჯერ არ იცის, ეს მხოლოდ მისი ვარაუდია, თანაც საკმაოდ უტიფარი, მაგრამ ისიც კი არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ.
— მე კი მიმაჩნია, რომ ფერწერაზე მოსაწყენი ამქვეყნად არაფერია. გაჩერებული წამი, შეწყვეტილი მოძრაობა, რაღაც გაქვავებული ფოტოსურათი, რომელიც ვერასოდეს დაემსგავსება ორიგინალს. მძორი, რომელიც თავად მხატვრის გარდა არავის აინტერესებს, ისინი კი თავს განსაკუთრებულ ადამიანებად, კულტურის მატარებლებად მიიჩნევენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა დანარჩენ ადამიანზე მაღლა დგანან. ხოან მიროს შესახებ გსმენიათ რამე? აი, მე პირადად — არაფერი, სანამ ერთმა არაბმა რესტორანში არ ახსენა, თუმცა ამას სრულიად არაფერი შეუცვლია ჩემს ცხოვრებაში, — მარია დაეჭვდა, რომ ღრმად შეტოპა. ოფიციანტმა კოქტეილი მოიტანა და საუბარი შეწყდა. გარკვეული დროის მანძილზე ორივე უბრად იჯდა. მარია უკვე წასვლაზე ფიქრობდა. ეს აზრი ალბათ რალფ ჰარტსაც მოუვიდა, მაგრამ საზარელი სასმლით სავსე ორი ჭიქა ჯერ ისევ მათ წინ იდგა და საუბრის გაგრძელების მშვენიერ საბაბს წარმოადგენდა.
— რად გინდათ ეგ წიგნები?
— როგორ თუ რად?
— მე ვყოფილვარ ბერნის ქუჩაზე. როდესაც მითხარით, სად მუშაობთ, მე გამახსენდა, სად შემეძლო ადრე თქვენი ნახვა. იქ არის რაღაც ძალიან ძვირი დაწესებულება. უბრალოდ, სანამ გხატავდით, ეს აზრად არ მომივიდა, მეტისმეტად ძლიერი შუქი მოდის თქვენგან.
მარიას ფეხქვეშ იატაკი შექანდა. პირველად შერცხვა თავისი პროფესიის, თუმცა, ამისათვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. იგი მუშაობდა, რათა შეენახა საკუთარი თავი და მშობლები. ეს მხატვარს უნდა რცხვენოდეს, ბერნის ქუჩაზე რომ დაიარება: მთელი ეს ხიბლი წუთი წუთზე უნდა გაქარწყლებულიყო.
— ყური მიგდეთ, ბატონო ჰარტ, თუმცა ბრაზილიიდან ვარ, აქ უკვე ცხრა თვეა ვცხოვრობ და ვიცი, შვეიცარიელები ძალიან თავშეკავებულები არიან იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაში ცხოვრობენ, რომელშიც, როგორც ახლა დამტკიცდა, ყველა ერთმანეთს იცნობს და სწორედ ამიტომ სხვის ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფენ. თქვენი სიტყვები უადგილო და არადელიკატურია და თუ მათი მიზანი ჩემი დამცირებაა, რომ თავი უფრო დამაჯერებლად იგრძნოთ, მაშინ იცოდეთ, დრო ტყუილად დაგიკარგავთ. მადლობელი ვარ ანისული კოქტეილისათვის — ამაზე დიდი საზიზღრობა ჯერ არ მინახავს, მაგრამ მაინც დავლევ. სიგარეტსაც მოვწევ. მერე კი ავდგები და წავალ. თქვენ კი შეგიძლიათ, ახლავე მიბრძანდეთ, რადგან სახელოვან მხატვარს არ ეკადრება მეძავთან ერთად ჯდომა. მე ხომ მეძავი ვარ. თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით ამას. მეძავი ვარ თავიდან ფეხის ფრჩხილამდე. და ამის სრულიად არ მრცხვენია. ასეთი თვისება მაქვს, არ მოვატყუო არც საკუთარი თავი და არც სხვა, ამ შემთხვევაში კი — თქვენ. იმიტომ, რომ თქვენ ჩემი ტყუილის ღირსიც არა ხართ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ აგერ ის სახელგანთქმული ქიმიკოსი გაიგებს, ვინა ვარ მე?
მარიამ ხმას აუწია:
— მე მეძავი ვარ! და აი, კიდევ რას გეტყვით: ეს მე თავისუფლებას მანიჭებს! მე ვიცი, ზუსტად სამი თვის შემდეგ წავალ ამ წყეული ქვეყნიდან და თან დიდ ფულს წავიღებ. წავიღებ ფოტოსურათებს, სადაც თოვლში ვარ გადაღებული, წავალ ბევრად უფრო განათლებული, ვიდრე ჩამოვედი, ახლა უკვე ვერკვევი ღვინოებში და მამაკაცებში.
დახლთან მდგომი გოგონა ელდანაკრავივით უსმენდა მარიას. ნობელის პრემიის ლაურეატი კი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმას, რაც ხდებოდა. იქნებ სასმელმა, იქნებ ბრაზილიის მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრების პერსპექტივამ, ან იქნებ რასაც ფიქრობ, იმისი თქმის შესაძლებლობით გამოწვეულმა სიხარულმა, როდესაც შეგიძლია დასცინო სხვების გამკიცხავ გამოხედვასა და აღშფოთებულ ჟესტებს, ვისაც ეს ეთაკილება, მარიას მისცა სტიმული, გაეგრძელებინა:
— გაიგეთ, ბატონო ჰარტ? თავიდან ბოლომდე, თავიდან ფეხამდე მეძავი ვარ! და ამაშია ჩემი სიამაყე და ჩემი ღირსება!
მხატვარი არ განძრეულა, სიტყვაც არ დასცდენია.
მარია განაგრძობდა:
— თქვენ კი, თუმცა მხატვარი ხართ, მაინც არაფერი გაგეგებათ მოდელებში. შეიძლება ის ქიმიკოსი, აქ რომ ზის და არაფერს არ აქცევს ყურადღებას და შეიძლება, სულაც სძინავს, სინამდვილეში რკინიგზელია. და ყველა დანარჩენი პერსონაჟი თქვენს ტილოზე ის არ არის, რაც სინამდვილეშია. სხვაგვარად თქვენ არასდროს იტყოდით, თითქოს ხედავთ, როგორ მომდინარეობს ჩემგან „განსაკუთრებული შუქი", ჩემგან — ქალისაგან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ მეძავია!
ბოლო სიტყვები მარიამ ხმამაღლა და დამარცვლით წარმოთქვა. ქიმიკოსმა გამოიღვიძა, ოფიციანტმა ანგარიში მოიტანა. რალფს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მან ნელა, მკაფიოდ და ხმის აუმაღლებლად უპასუხა:
— ამას არავითარი კავშირი არა აქვს თქვენს საქმიანობასთან. მე ვხედავ შუქს, შუქს, გადმოსულს ადამიანისაგან, ქალისგან, რომელსაც შეუძლია მსხვერპლად ბევრი რამ გაიღოს იმისათვის, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ეს შუქი... ეს შუქი თვალებშია.
მარია განიარაღებული დარჩა — მხატვარი არ წამოეგო მის პროვოკაციას. მას სურდა ერწმუნა, რომ მხატვარს მისი შეცდენა სურდა და სხვა არაფერი. მან საკუთარ თავს აუკრძალა ფიქრი იმაზე (ყოველ შემთხვევაში უახლოესი ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში), რომ სადღაც არსებობენ საინტერესო ადამიანები.
— ხედავ შენ წინ ამ ჭიქას ანისულით? — შენობით განაგრძო ლაპარაკი მხატვარმა, — მაშ ასე, შენ მხოლოდ მას ხედავ. მე კი უნდა ჩავწვდე იმის არსს, რასაც ვაკეთებ. ამიტომაც ვხედავ, როგორ იზრდებოდა ეს ანისი, როგორ არხევდა მას ნიავი, ვხედავ ხელებს, მარცვლებს რომ აგროვებდნენ, ვხედავ გემს, რომელმაც ის სხვა კონტინენტიდან ჩამოიტანა, მე ვგრძნობ ყველა სუნს და ყველა ფერს, რაც ამ მარცვლის ნაწილი გამხდარა, რაც მასში აირია, მასში შეაღწია, ვიდრე ამ ნაყენის დასამზადებლად ივარგებდა. და თუ ოდესმე მის დახატვას გადავწყვეტდი, ამ ყველაფერს ტილოზე გადავიტანდი. თუმცა, შენ ამის შემხედვარე უწინდებურად იფიქრებდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ანისულით სავსე ჭიქას ხედავ.
და ზუსტად ასევე, როცა შენ გაჰყურებდი ქუჩას და ფიქრობდი — მე ვიცი, რომ ფიქრობდი — წმინდა იაკობის გზაზე, მე დავხატე შენი ბავშვობა, შენი ყრმობა, შენი აუხდენელი, წარსულში დარჩენილი ოცნებები, შენი ახალი ოცნებები და შენი ნება. სწორედ ეს მაინტერესებდა ყველაზე მეტად... როდესაც ჩემს სურათს უყურებდი...
მარიამ ციხესიმაგრის კარი გააღო, თუმცა იცოდა, რომ ამიერიდან შეიძლება ვეღარც დაეკეტა.
— ...მე დავინახე ეს შუქი. თუმცა, ჩემ წინ მხოლოდ და მხოლოდ ის ქალი იყო, რომელიც შენ გგავდა.
ისევ ის დამამძიმებელი სიჩუმე ჩამოვარდა. მარიამ საათს შეხედა.
— რამდენიმე წუთში უნდა წავიდე. რატომ თქვი, რომ სექსი მოსაწყენია?
— ეს შენ უკეთ უნდა იცოდე.
— მე ეს ვიცი, იმიტომ, რომ ეს ჩემი სამუშაოა. ამას ყოველდღე ვაკეთებ. მაგრამ შენ — შენ კაცი ხარ, ოცდაათი წლის...
— ოცდაცხრის.
— შენ ახალგაზრდა ხარ, მიმზიდველი, სახელოვანი, ასეთი რამეები ჯერ კიდევ უნდა გაინტერესებდეს და მეგობრის საძებნელად ბერნის ქუჩაზე არ უნდა დადიოდე.
— რატომაც არა. მე ვწოლილვარ ზოგიერთ შენს კოლეგასთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეგობრის მოძებნაა ძნელი. რთულია საკუთარ თავთან დარჩენა.
მარიამ ანაზდად იგრძნო, როგორ გაჰკრა ეჭვმა და თვითონვე გაუკვირდა ეს. მაგრამ ახლა მართლაც მისი წასვლის დრო დადგა.
— ეს ჩემი ბოლო ცდა იყო. ახლა კი მორჩა, — თქვა მხატვარმა და იატაკზე გაბნეული ფუნჯებისა და საღაბავების აკრეფა დაიწყო.
— ყველაფერი რიგზეა?
— ყველაფერი სრულ წესრიგშია. უინტერესოა.
დაუჯერებელია!
— გადაიხადე. მოდი გავისეირნოთ. ვფიქრობ, სინამდვილეში მრავალი განიცდის იმას, რასაც შენ. უბრალოდ, ამას ხმამაღლა არავინ ამბობს და მე მსურს ასეთ გულწრფელ ადამიანთან საუბარი.
მათ წმინდა იაკობის გზა აიარეს, შემდეგ კი ისევ უკან დაუყვნენ. გზას მდინარისაკენ მიჰყავდი, მდინარეს — ტბისაკენ, ტბას — მთებისაკენ, მთებს — ესპანეთში მიკარ¬გული დასახლებისაკენ. ქუჩა სავსე იყო გამვლე¬ლებით: კლერკები შესვენებიდან ბრუნდებოდნენ, დედები ბავშვებს ასეირნებდნენ ეტლით, ტურისტები ფოტოაპარატებს აჩხაკუნებდნენ და ერთმანეთს ტბის შუაგულში წყლის დიდებული კასკადის ფონზე უღებდნენ სურათებს, მიმოდიოდნენ აღმოსავლელი თავსაბურავიანი ქალები, ძუნძულით დარბოდნენ ბიჭები და გოგონები... და ყველანი ამ მითიური ქალაქისაკენ, სანტიაგო-დე-კომპოსტელას¬კენ, მიემართებოდნენ, რომელიც, შესაძლოა, არც კი არსებობდა. შესაძლოა, ეს უბრალოდ ლეგენდა იყო, რომლისაც უნდა გჯეროდეს, რომ კაცობრიობის ცხოვრებას აზრი მიეცეს. და ხალხით სავსე წმინდა იაკობის გზას სხვებთან ერთად მიუყვებოდნენ გრძელთმიანი კაცი მხარზე გადაკიდებული მძიმე საეტიუდო ჩანთით და ახალგაზრდა ქალი პაკეტით, რომელშიც საკარმიდამო მეურნეობის მართვის სახელმძღვანელოები ეწყო. და არც ერთ მათგანს აზრად არ მოსვლია ეკითხა, რატომ და რისთვის დაიწყეს ეს მოგზაურობა ერთად — ყველაფერი თავისთავად მოხდა, თითქოს ამაზე უფრო ბუნებრივი არაფერი იყო. კაცმა ყველაფერი იცოდა ქალზე, ქალმა კი კაცზე — არაფერი.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1093 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-05-01, 10:13 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024